Loading...

ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტო
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო

ელექტრონული ნებართვები

დებულება

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ - ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს დებულება





საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ბრძანება №1-1/1527
2012 წლის 23 ივლისი ქ. თბილისი  

საჯარო სამართლის იურიდიული პირის –

ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს

დებულების დამტკიცების შესახებ  

პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 103-ე მუხლის მე-12 ნაწილის, „ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-13 მუხლის პირველი პუნქტისა და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს თანდართული დებულება.
2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – ტექნიკური და სამშენებლო ინსპექციის დებულების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2010 წლის 23 დეკემბრის №1-1/2031 ბრძანება. 3. ეს ბრძანება ამოქმედდეს 2012 წლის 23 სექტემბრიდან.  

მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი  ი.მატკავა                  


ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს დებულება    


მუხლი 1. ზოგადი დებულებანი
მუხლი 2. სააგენტოს მიზნები, ფუნქციები და საქმიანობის საგანი
მუხლი 3. სააგენტოს ხელმძღვანელობა
მუხლი 4. სააგენტოს სტრუქტურა
მუხლი 5. სააგენტოს სტრუქტურული ქვედანაყოფების ფუნქციები
მუხლი 6. სააგენტოს სახელმწიფო კონტროლი 
მუხლი 6.1. სააგენტოს საქმიანობა, რომელიც საჭიროებს თანხმობას
მუხლი 7. სააგენტოს დაფინანსება და ქონება
მუხლი 8. სააგენტოს საბუღალტრო ანგარიშგება
მუხლი 9. სააგენტოს რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია
მუხლი 10. სააგენტოს დებულებაში ცვლილების შეტანის წესი      
                       

მუხლი 1. ზოგადი დებულებანი

1. ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტო (შემდგომში – სააგენტო) არის პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსისა და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ” საქართველოს კანონის საფუძველზე სახელმწიფო ქონების ბაზაზე შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირი.
2. სააგენტო თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით, საქართველოს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით.
3. სააგენტო დასახული მიზნებისა და დაკისრებული ფუნქციების განსახორციელებლად სარგებლობს სპეციალური უფლებაუნარიანობით, საკუთარი სახელით იძენს უფლებებსა და მოვალეობებს, დებს გარიგებებს და უფლებამოსილია სასამართლოში გამოვიდეს მოსარჩელედ და მოპასუხედ.
4. სააგენტოს აქვს დებულება, ბეჭედი საქართველოს სახელმწიფო გერბის გამოსახულებით და თავისი სახელწოდების აღნიშვნით, ბლანკი, დამოუკიდებელი ბალანსი, საკუთარი ხარჯთაღრიცხვა, საბანკო და სახაზინო ანგარიშები საქართველოს სახელმწიფო ხაზინაში და საჯარო სამართლის იურიდიული პირის სხვა რეკვიზიტები.
5. სააგენტო ანგარიშვალდებულია საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) წინაშე, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
6. სააგენტოს იურიდიული მისამართია: ქ. თბილისი, ა. პოლიტკოვსკაიას №8. (27.12.2019 N 1-1/623 ამოქმედდეს 2020 წლის პირველი იანვრიდან)    


მუხლი 2. სააგენტოს მიზნები, ფუნქციები და საქმიანობის საგანი

1. სააგენტოს საქმიანობის ძირითადი სფეროა მომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცველი ობიექტების (შემდგომში – ობიექტების) სახელმწიფო კონტროლისა და ზედამხედველობის განხორციელება და საქართველოს მთელ ტერიტორიაზე განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების (მათ შორის, რადიაციული და ბირთვული ობიექტების) მშენებლობის ნებართვის გაცემა და სანებართვო პირობების შესრულების კონტროლი.
2. კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში სააგენტოს ძირითადი ფუნქციებია:
ა) საქართველოს მთელ ტერიტორიაზე განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების (მათ შორის, რადიაციული და ბირთვული ობიექტების) მშენებლობის ნებართვის გაცემა;
ბ) სამრეწველო დანიშნულების ფეთქებადი მასალების გამოყენების ნებართვის გაცემა;
გ) უწყებრივ რეესტრში ობიექტების რეგისტრაციის წარმოება;
დ) ობიექტების ტექნიკური ინსპექტირებას განხორციელება პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის მე-20 მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრულ შემთხვევებში. (27.12.2019 N 1-1/623 ამოქმედდეს 2020 წლის პირველი იანვრიდან)
ე) მომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცველ ობიექტებზე შეუსაბამობის აღმოჩენის შემთხვევებში დამრღვევი პირისთვის ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობის დაკისრება;  (29.12.2017 N 1-1/584 ამოქმედდეს 2017 წლის 29 დეკემბრიდან)
ვ) მშენებლობადამთავრებული ობიექტების ექსპლუატაციაში მიღება;
ზ) ტექნიკური რეგლამენტებისა და სტანდარტების შემუშავება მის კომპეტენციას მიკუთვნებულ სფეროებში;
თ) ობიექტის ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნებთან შესაბამისობის შეფასების ოქმების დოკუმენტური კონტროლის განხორციელება ტექნიკური ინსპექტირების ოქმებისა და საინსპექციო ორგანოების ანგარიშების ანალიზის მეშვეობით;
ი) მითითებების გაცემა ან/და გონივრული ვადის განსაზღვრა შეუსაბამობის გამოსწორებისათვის;
კ) პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის მე-18 მუხლის მე-5 ნაწილში მითითებულ ობიექტებზე პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების განხორციელება, ამავე კოდექსის აღნიშნული მუხლის მე-8 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში. (27.12.2019 N 1-1/623 ამოქმედდეს 2020 წლის პირველი იანვრიდან)
ლ) პერსონალის გადამზადება, სწავლება, ამ მიზნით ტრენინგებისა და კურსების ჩატარება.  
მ) პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსით დადგენილი წესითა და თავისი კომპეტენციის ფარგლებში განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების მშენებლობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის განხორციელება;
მ​1) ამოღებულია (27.12.2019 N 1-1/623 ამოქმედდეს 2020 წლის პირველი იანვრიდან)  
ნ) კანონმდებლობის საფუძველზე მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებათა განხორციელება.  
3. სააგენტო საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ობიექტებზე თავის ფუნქცია-მოვალეობებს ახორციელებს საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთან შეთანხმებით.    


მუხლი 3. სააგენტოს ხელმძღვანელობა

1. სააგენტოს საქმიანობას ხელმძღვანელობს სააგენტოს უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი (შემდგომში – მინისტრი).
2. სააგენტოს უფროსი:
ა) ხელმძღანელობს სააგენტოს, წარმართავს მის საქმიანობას, იღებს გადაწყვეტილებებს სააგენტოს კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე;
ბ) მინისტრთან შეთანხმებით, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სააგენტოს უფროსის მოადგილეს, განსაზღვრავს მის ფუნქციებს (29.12.2017 N 1-1/584 ამოქმედდეს 2017 წლის 29 დეკემბრიდან)
გ) ზედამხედველობს სააგენტოს სტრუქტურული ქვედანაყოფების მიერ მოვალეობის შესრულების მიმდინარეობას, მათი საქმიანობის კანონიერებასა და მიზანშეწონილობას. კანონით დადგენილი წესით ახორციელებს სააგენტოს თანამშრომელთა საქმიანობის სამსახურებრივ ზედამხედველობას. იღებს გადაწყვეტილებას თანამშრომელთა მიმართ წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომების გამოყენების შესახებ;
დ) მოქმედებს სააგენტოს სახელით, წარმოადგენს მას როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთ;
ე) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სააგენტოს თანამშრომლებს;
ვ) პასუხისმგებელია სააგენტოსათვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი სახსრების მიზნობრივ გამოყენებაზე;
ზ) მინისტრთან შეთანხმებით ამტკიცებს სააგენტოს საშტატო ნუსხას; (27.12.2019 N 1-1/623 ამოქმედდეს 2020 წლის პირველი იანვრიდან)
თ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესითა და ფორმით, კომპეტენციის ფარგლებში, გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს (ბრძანებებს), იღებს გადაწყვეტილებებს (დადგენილებებს).(29.12.2017 N 1-1/584 ამოქმედდეს 2017 წლის 29 დეკემბრიდან)
ი) ამტკიცებს სააგენტოს შინაგანაწესს;
კ) ამტკიცებს სააგენტოს სტრუქტურული ქვედანაყოფების დებულებებს;
ლ) კომპეტენციის ფარგლებში დებს ხელშეკრულებებს სააგენტოს სახელით.
მ) მინისტრთან შეთანხმებით განსაზღვრავს და ამტკიცებს ხელფასის ფონდს, თანამშრომელთა მატერიალური წახალისებისათვის გამოსაყოფი სახსრების, აგრეთვე სააგენტოს მიერ შესაძენი საწვავისა და გასაწევი საკომუნიკაციო ხარჯების ლიმიტებს;
მ​1) უფლებამოსილია მინისტრთან შეთანხმებით სააგენტოში დასაქმებულ პირებზე გასცეს დანამატი, სააგენტოს უფროსის ან/და უშუალო ხელმძღვანელის დავალებით „საქართველოს შრომის კოდექსი“-ს მე-17 მუხლით განსაზღვრული ზეგანაკვეთური სამუშაოს შესრულებისათვის, რომელიც დაკავშირებულია სააგენტოსა ან/და სამინისტროს საქმიანობასთან, ასევე თანამდებობაზე დროებით არმყოფი პირის ფუნქციების შესრულებისათვის თავისი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისაგან განთავისუფლების გარეშე (დამატებითი ფუნქციების შესრულება), „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი ზღვრული ოდენობის ფარგლებში. (27.12.2019 N 1-1/623 ამოქმედდეს 2020 წლის პირველი იანვრიდან)
ნ) სააგენტოს სახელით აცხადებს კონკურსებს და ტენდერებს;
ო) განსაზღვრავს თანამშრომელთა თანამდებობრივი სარგოს კატეგორიებს;
პ) ახორციელებს კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.
3. სააგენტოს უფროსს ჰყავს მოადგილე, რომელიც სააგენტოს უფროსის არყოფნის პერიოდში ასრულებს მის მოვალეობას სააგენტოს უფროსის ბრძანების საფუძველზე. (29.12.2017 N 1-1/584 ამოქმედდეს 2017 წლის 29 დეკემბრიდან)
4. სააგენტოს უფროსის  მოადგილე უფლებამოსილია განახორციელოს კონტროლი მის საკურატორო სფეროში შემავალი სააგენტოს სტრუქტურული ქვედანაყოფების მუშაობაზე და ანგარიშვალდებულია სააგენტოს უფროსის წინაშე. (29.12.2017 N 1-1/584 ამოქმედდეს 2017 წლის 29 დეკემბრიდან)
5. სააგენტოს უფროსს უფლება აქვს თავისი მოვალეობებისა და უფლებების ნაწილი ბრძანებით გადააკისროს  მოადგილესა და სააგენტოს სტრუქტურული ქვედანაყოფების ხელმძღვანელებს. (29.12.2017 N 1-1/584 ამოქმედდეს 2017 წლის 29 დეკემბრიდან)    


მუხლი 4. სააგენტოს სტრუქტურა

სააგენტოს სტრუქტურული ქვედანაყოფებია:
ა) მომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცველი ობიექტების ზედამხედველობის სამმართველო. (27.12.2019 N 1-1/623 ამოქმედდეს 2020 წლის პირველი იანვრიდან) ბ) ამოღებულია (29.12.2017 N 1-1/584 ამოქმედდეს 2017 წლის 29 დეკემბრიდან)
გ) ადმინისტრირებისა და ინფორმაციული უზრუნველყოფის სამმართველო; (29.12.2017 N 1-1/584 ამოქმედდეს 2017 წლის 29 დეკემბრიდან)
დ) სამართლებრივი უზრუნველყოფის სამმართველო; ე) ამოღებულია (27.12.2019 N 1-1/623 ამოქმედდეს 2020 წლის პირველი იანვრიდან)
ვ) განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების მშენებლობის ნებართვებისა და ზედამხედველობის სამმართველო. (27.12.2019 N 1-1/623 ამოქმედდეს 2020 წლის პირველი იანვრიდან) ზ) ამოღებულია (27.12.2019 N 1-1/623 ამოქმედდეს 2020 წლის პირველი იანვრიდან) თ) ამოღებულია (27.12.2019 N 1-1/623 ამოქმედდეს 2020 წლის პირველი იანვრიდან) ი) ამოღებულია (29.12.2017 N 1-1/584 ამოქმედდეს 2017 წლის 29 დეკემბრიდან)          



მუხლი 5. სააგენტოს სტრუქტურული ქვედანაყოფების ფუნქციები:


1. მომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცველი ობიექტების ზედამხედველობის სამმართველოს ფუნქციებია: (27.12.2019 N 1-1/623 ამოქმედდეს 2020 წლის პირველი იანვრიდან)
ა) პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსით განსაზღვრულ შემთხვევებში პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება შემდეგ საზედამხედველო ობიექტებზე: ამწე მოწყობილობა, ლიფტი, ესკალატორი, ფუნიკულიორი, საბაგირო გზა, საქვაბე დანადგარი, ატრაქციონი, წნევაზე მომუშავე ჭურჭელი, ჟანგბადის წარმოება და მასთან დაკავშირებული სხვა აფეთქებასაფრთხიანი პროცესი, თხევადი ჟანგბადის წარმოება, რეზერვუარში/ცილინდრში ჟანგბადის ჩაჭირხვნა, სამეწარმეო დანიშნულებით გამოყენებადი ამიაკზე მომუშავე სამაცივრო დანადგარი, ნავთობბაზა, მაგისტრალური ნავთობსადენი, მაგისტრალური გაზსადენი, კარიერი, მაღარო, შახტი სასარგებლო წიაღისეულის მექანიზებული წესით მოპოვების შემთხვევაში, ბუნებრივი გამოქვაბულები და მღვიმეები, სადაც ხდება ადამიანთა ორგანიზებული დაშვება, ჰიდროენერგეტიკული ნაგებობების (ხელოვნური წყალსატევები, კაშხლები, სარეგულაციო ნაგებობები, ჰიდროტექნიკური ნაგებობები) კონსტრუქციული მდგრადობა, ავტოგასამართი სადგური და ავტოგასამართი კომპლექსი (ავტოგასამართი, აირგასამართი და აირსავსები სადგურები). ავტოგასამართი სადგურის ან ავტოგასამართი კომპლექსის (ავტოგასამართი, აირგასამართი ან აირსავსები სადგურის) ინსპექტირება დასაშვებია მხოლოდ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 15 იანვრის №60 დადგენილებით დამტკიცებული  ავტოგასამართი სადგურებისა და ავტოგასამართი კომპლექსების უსაფრთხოების შესახებ ტექნიკური რეგლამენტით დადგენილი ვიდეომეთვალყურეობის სისტემის დამონტაჟების ან/და ფუნქციონირების მოთხოვნების შესრულებასთან დაკავშირებით. (27.12.2019 N 1-1/623 ამოქმედდეს 2020 წლის პირველი იანვრიდან)
ა​1) სამრეწველო დანიშნულების ფეთქებადი მასალების გამოყენების ნებართვის გაცემის ადმინისტრაციული წარმოების ორგანიზება და შესაბამისი ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის პროექტის მომზადება. სანებართვო პირობების შესრულების კონტროლი. (27.12.2019 N 1-1/623 ამოქმედდეს 2020 წლის პირველი იანვრიდან)
ბ) საზედამხედველო ობიექტზე არსებული შეუსაბამობის ხარისხის განსაზღვრა (არაარსებითი, არსებითი, კრიტიკული) და მისი შესაბამის ინსპექტირების ოქმში შეტანა;
გ) არსებითი ან/და კრიტიკული შეუსაბამობის შემთხვევაში დამრღვევისათვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრება და შესაბამისი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის დარღვევის ადგილზე შედგენა კანონმდებლობის შესაბამისად და მისი წარდგენა სააგენტოს ხელმძღვანელობისათვის;
დ) ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში ინსპექტირების ოქმში მითითებული შეუსაბამობის გამოსწორებისათვის დადგენილი გონივრული ვადის დაცვის შემდგომი კონტროლი; (27.12.2019 N 1-1/623 ამოქმედდეს 2020 წლის პირველი იანვრიდან)
ე) დარღვევების ან/და შეუსაბამობების აღმოჩენის შემთხვევაში შესაბამისი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოების ორგანიზება და შესაბამისი სააგენტოს დადგენილების პროექტის მომზადება. (27.12.2019 N 1-1/623 ამოქმედდეს 2020 წლის პირველი იანვრიდან)
ვ) ობიექტების მონიტორინგის ნუსხის პროექტის შემუშავება და მისი სააგენტოს უფროსისათვის დასამტკიცებლად წარდგენა;
ზ) ამ მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ნუსხაში შეტანილი ობიექტების კონტროლი, რომ არ მოხდეს ამ ობიექტების ექსპლუატაცია, ხოლო ობიექტების ფარული ექსპლუატაციის შემთხვევაში მისი მფლობელის დაჯარიმება და ამ ობიექტის შეჩერების შესახებ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის პროექტის მომზადება და სააგენტოს უფროსისათვის წარდგენა. (27.12.2019 N 1-1/623 ამოქმედდეს 2020 წლის პირველი იანვრიდან)
თ) ინსპექტირების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის მიხედვით გათვალისწინებული რისკის კატეგორიებზე დაყრდნობით გეგმური ტექნიკური ინსპექტირების პერიოდულობის გეგმის მომზადება და სააგენტოს უფროსისათვის წარდგენა;
თ​1) სააგენტოს ყოველწლიური სამოქმედო გეგმების პროექტების შემუშავებაში მონაწილეობის მიღება; (27.12.2019 N 1-1/623 ამოქმედდეს 2020 წლის პირველი იანვრიდან)
თ​2) გეგმური ტექნიკური ინსპექტირების პერიოდულობის გეგმის  შესრულების ანგარიშის მომზადება და სააგენტოს უფროსისათვის წარდგენა; (27.12.2019 N 1-1/623 ამოქმედდეს 2020 წლის პირველი იანვრიდან)
თ​3) ყოველწლიური სამოქმედო გეგმების შესრულების ანგარიშის მომზადება და ადმინისტრირებისა და ინფორმაციული უზრუნველყოფის სამმართველოსათვის მიწოდება. (27.12.2019 N 1-1/623 ამოქმედდეს 2020 წლის პირველი იანვრიდან)
ი) დადგენილი პერიოდულობის გარდა, პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის მე-20 მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ტექნიკური ინსპექტირების განხორციელება. (27.12.2019 N 1-1/623 ამოქმედდეს 2020 წლის პირველი იანვრიდან)
კ) საზედამხედველო ობიექტზე დოკუმენტური კონტროლის განხორციელება;
კ1) „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის 91 მუხლის მე-3 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შესაბამისი შენობა-ნაგებობის ტექნიკური უსაფრთხოების ნორმების დაცვის უზრუნველყოფის დამადასტურებელი დოკუმენტის გაცემა. (27.12.2019 N 1-1/623 ამოქმედდეს 2020 წლის პირველი იანვრიდან)
ლ) ადმინისტრირებისა და ინფორმაციული უზრუნველყოფის სამმართველოსათვის საზედამხედველო ობიექტებთან დაკავშირებული შესაბამისი ინფორმაციის მიწოდება, რომელიც განახორცილებს ამ ინფორმაციის შეტანას მომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცველი ობიექტების რეესტრში;
მ) მონაწილეობის მიღება დარგის მარეგულირებელი ნორმატიული აქტების სრულყოფაში და სააგენტოს უფროსისათვის შესაბამისი რეკომენდაციების მიწოდება;
ნ) კანონმდებლობის საფუძველზე მინიჭებული სხვა უფლება-მოვალეობების განხორციელება.
2. ამოღებულია (29.12.2017 N 1-1/584 ამოქმედდეს 2017 წლის 29 დეკემბრიდან)    


3. ადმინისტრირებისა და ინფორმაციული უზრუნველყოფის სამმართველოს ფუნქციებია:

(29.12.2017 N 1-1/584 ამოქმედდეს 2017 წლის 29 დეკემბრიდან)
ა) სააგენტოში ყოველდღიურად შემოსული ოფიციალური კორესპონდენციის რეგისტრაცია კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად;
ბ) საარქივო საქმის წარმოების წარმართვა, სახელმწიფო საარქივო ფონდში შესანახად განკუთვნილი დოკუმენტების დაცვა კანონმდებლობით დადგენილი წესით;
გ) სააგენტოში რეგისტრირებული კორესპონდენციის განაწილება და გადაცემა;
დ) სააგენტოს უფროსის მიერ ხელმოწერილი ბრძანებების სათანადო რეგისტრაცია და შენახვა, ბრძანებების რეესტრის წარმოება;
ე) საჯარო ინფორმაციის გაცემის უზრუნველყოფა. (27.12.2019 N 1-1/623 ამოქმედდეს 2020 წლის პირველი იანვრიდან)
ვ) დოკუმენტების ასლების ხელმოწერითა და ბეჭდით დამოწმება;
ზ) კადრების აღრიცხვის, მონიტორინგისა და ანალიზის განხორციელება, სააგენტოს უფლებამოსილების ფარგლებში სააგენტოს მოსამსახურეთა დანიშვნა-გათავისუფლების, შვებულებების, წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის გამოყენებასთან დაკავშირებული ბრძანებების პროექტების მომზადება, სააგენტოს თანამშრომელთა პირადი საქმეების შედგენა, შრომის დისციპლინის კონტროლი;
თ) საფინანსო-ეკონომიკური და ბუღალტრული აღრიცხვის ორგანიზაცია და წარმართვა, საფინანსო და საბუღალტრო საქმიანობის ანალიზი, კრებსითი ბალანსების, ანგარიშების მომზადება, სააგენტოს ბიუჯეტისა და ხარჯთა ნუსხის პროექტების შემუშავება, ძირითადი საშუალებების, ფულადი სახსრებისა და საფინანსო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის ჩატარების ორგანიზება, კვარტალური და წლიური საფინანსო და სტატისტიკური ანგარიშების შედგენა და მათი სამინისტროში და ხაზინაში წარდგენა;
თ​1) კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად, ვაკანტური თანამდებობის დაკავების მიზნით კონკურსის ორგანიზება. (27.12.2019 N 1-1/623 ამოქმედდეს 2020 წლის პირველი იანვრიდან)
ი) სააგენტოს ბალანსზე რიცხული მატერიალური ფასეულობების დაცვის უზრუნველყოფა, სამეურნეო საქმიანობის წარმართვა, კომპეტენციის ფარგლებში სააგენტოს აქტივებისა და პასივების აღრიცხვა-ანგარიშგების წარმოება, კვარტალური და წლიური ანგარიშების ანალიზი და განხილვა, წინადადებების შემუშავება ნაკლოვანებების აღმოფხვრისათვის, სახელმწიფო შესყიდვების ორგანიზება და განხორციელება „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად;
ი​1) სააგენტოს ავტოპარკის მართვა და მისი გამართული ფუნქციონირებისათვის საჭირო სამუშაოების ორგანიზება, დაშვებული ლიმიტების გათვალისწინებით საწვავის ხარჯვის კონტროლი. (27.12.2019 N 1-1/623 ამოქმედდეს 2020 წლის პირველი იანვრიდან)
კ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად ობიექტების უწყებრივი რეესტრის წარმოება, ინსპექტირების ორგანოების მონიტორინგის განხორციელება, საიდუმლო საქმისწარმოების ორგანიზება, საქართველოს და მსოფლიოს შრომის უსაფრთხოების სფეროში დარგობრივი და საკანონმდებლო ანალიზი, შრომის დაცვის სფეროს კანონმდებლობაზე მუშაობა-ანალიზი და შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებების შესახებ რეკომენდაციების მომზადებაში მონაწილეობა შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფებთან ერთად მათი სააგენტოს უფროსისათვის შემდგომი ინიცირებისათვის მინისტრისადმი/კურატორი მოადგილისადმი, შრომის დაცვის საერთაშორისო ორგანოებთან ურთიერთობა. (27.12.2019 N 1-1/623 ამოქმედდეს 2020 წლის პირველი იანვრიდან)
ლ) ინსპექტირების ოქმებში შეუსაბამობების გამოსწორებისათვის მითითებული ვადების დაცვის შემდგომი ერთობლივი კონტროლი შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფებთან ერთად, სამართალდარღვევის საქმეების წარმოებასთან დაკავშირებული საკითხების ორგანიზება და შესაბამისი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის პროექტის მომზადებაში მონაწილეობა;
მ) სააგენტოს ლოკალური კომპიუტერული ქსელის ადმინისტრირება;
ნ) ქსელში ჩართული კომპიუტერული ტექნიკის გამართული მუშაობის უზრუნველყოფა;
ო) ქსელის უსაფრთხოების დაცვის უზრუნველყოფა;
პ) სხვადასხვა სახის კომუნიკაციების გამართული მუშაობის უზრუნველყოფა;
ჟ) ერთიანი ელექტრონული სისტემის ფორმირების უზრუნველყოფა ლოკალური  და ცენტრალიზებული (მონაცემთა და გეომონაცემთა) ბაზების საფუძველზე;
რ) ერთიანი ელექტრონული სისტემის დანერგვის უზრუნველყოფა;
ს) ერთიანი ელექტრონული სისტემის სრულყოფილი მუშაობის უზრუნველყოფა და სისტემაში დაფიქსირებული შეცდომების გასწორება;
ტ) ერთიანი ელექტრონული სისტემის კონტროლის, დაარქივების და უსაფრთხოების უზრუნველყოფა;
უ) ერთიანი ელექტრონული სისტემის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა;
ფ) გეოინფორმაციული სისტემის შესაბამისი პროგრამული უზრუნველყოფა;
ქ) ერთიანი გეოინფორმაციული სისტემის შექმნის უზრუნველყოფა;
ღ) ერთიანი გეოინფორმაციული სისტემის გამართული ფუნქციონირების უზრუნველყოფა;
ყ) მასობრივი ინფორმაციების საშუალებებთან და საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან სააგენტოს უფროსის ურთიერთობის კოორდინირების უზრუნველყოფა;
შ) სტატისტიკური მონაცემების დამუშავების და ანალიზის უზრუნველყოფა;
ჩ) ვებპორტალის ფუნქციონირების უზრუნველყოფა: ინფორმაციის განთავსება, აქტუალიზაცია და ადმინისტრირება;
ც) კომპეტენციას მიკუთვნებული საქმიანობის განხორციელების თაობაზე სააგენტოს თანამშრომლების და საზოგადოების ინფორმირება;
ძ) განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების მშენებლობის ნებართვების გაცემის ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობის მიღება კომპეტენციის ფარგლებში;
წ) კანონმდებლობის საფუძველზე მინიჭებული სხვა უფლება-მოვალეობების განხორციელება.  


4. სამართლებრივი უზრუნველყოფის სამმართველოს ფუნქციებია:

ა) სააგენტოს ძირითადი საქმიანობის მარეგულირებელი ნორმატიული აქტების პროექტების მომზადება, ასევე, კომპეტენციის ფარგლებში სხვა სამართლებრივი პროექტების მომზადებაში მონაწილეობის მიღება;
ბ) კომპეტენციის ფარგლებში, შესაბამისი მინდობილობის (რწმუნებულების) საფუძველზე სააგენტოს წარმომადგენლობა სამინისტროსა და ყველა ინსტანციის სასამართლოში. (27.12.2019 N 1-1/623 ამოქმედდეს 2020 წლის პირველი იანვრიდან)
გ) სააგენტოს საქმიანობასთან დაკავშირებული სამართლებრივი საკითხების ანალიზი;
დ) ადმინისტრაციულ სამმართველოსთან და სააგენტოს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებთან ერთად ადმინისტრაციული სამართალდარღვევების საქმეების განხილვის შედეგებზე შესაბამისი ადმინისტრაციული აქტების პროექტების მომზადებაში მონაწილეობა;
ე) სხვადასხვა უწყებიდან შემოსულ ნორმატიული აქტების პროექტებზე სამართლებრივი დასკვნების მომზადება;
ვ) სააგენტოს თანამშრომლებისათვის კონსულტაციების გაწევა სააგენტოს საქმიანობასთან დაკავშირებულ სამართლებრივ საკითხებზე;
ზ) დარგობრივ სტრუქტურულ ქვედანაყოფებთან ერთად მოქალაქეთა და იურიდიულ პირთა საჩივრების, განცხადებების განხილვაში მონაწილეობის მიღება მის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე. (27.12.2019 N 1-1/623 ამოქმედდეს 2020 წლის პირველი იანვრიდან)
თ) კანონმდებლობის საფუძველზე მინიჭებული სხვა უფლება-მოვალეობების განხორციელება.
5. ამოღებულია (27.12.2019 N 1-1/623 ამოქმედდეს 2020 წლის პირველი იანვრიდან)  


6. განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების მშენებლობის ნებართვებისა და ზედამხედველობის სამმართველოს ფუნქციებია:


(27.12.2019 N 1-1/623 ამოქმედდეს 2020 წლის პირველი იანვრიდან) (29.12.2017 N 1-1/584 )
ა) განმცხადებლის მომართვის საფუძველზე განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების (მათ შორის, რადიაციული და ბირთვული ობიექტების) მშენებლობის ნებართვის მიღებასთან დაკავშირებულ საკითხებზე კონსულტაციების გაწევა;(27.12.2019 N 1-1/623 ამოქმედდეს 2020 წლის პირველი იანვრიდან)
ბ) განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების მშენებლობის ნებართვის გაცემა (I, II, III სტადიები) ადმინისტრაციული წარმოების ორგანიზება და შესაბამისი ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის პროექტის მომზადება. (27.12.2019 N 1-1/623 ამოქმედდეს 2020 წლის პირველი იანვრიდან)
ბ​1) განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების მშენებლობის ნებართვების უწყებრივი სანებართვო რეესტრის წარმოება. (27.12.2019 N 1-1/623 ამოქმედდეს 2020 წლის პირველი იანვრიდან)
გ) ადგილობრივ თვითმმართველობაში მიმდინარე მშენებლობის ნებართვის გაცემის ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობის მიღება, წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის საფუძველზე სათანადო დასკვნების მომზადება;
დ) ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების შესაბამის სამსახურებთან თანამშრომლობა, კერძოდ, ტრენინგების ჩატარება მშენებლობის ნებართვის გაცემასთან დაკავშირებულ მეთოდოლოგიურ საკითხებზე;
ე) უნებართვოდ ან/და პროექტის დარღვევით აშენებული ობიექტების ან მათი ნაწილების ლეგალიზების შესახებ ადმინისტრაციული წარმოების ორგანიზება და შესაბამისი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის პროექტის მომზადება; (27.12.2019 N 1-1/623 ამოქმედდეს 2020 წლის პირველი იანვრიდან)
ვ) მონაწილეობის მიღება დარგის მარეგულირებელი ნორმატიული აქტების სრულყოფაში და სააგენტოს უფროსისათვის შესაბამისი რეკომენდაციების მიწოდება. (27.12.2019 N 1-1/623 ამოქმედდეს 2020 წლის პირველი იანვრიდან)
ზ) განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების მშენებლობის სახელმწიფო ზედამხედველობა; (27.12.2019 N 1-1/623 ამოქმედდეს 2020 წლის პირველი იანვრიდან)
თ) მის ზედამხედველობას დაქვემდებარებულ სამშენებლო ობიექტზე სამშენებლო საქმიანობაში დარღვევის არსებობის შემთხვევაში მშენებლობაში მონაწილეთათვის, კანონმდებლობით დადგენილ შემთხვევებში გასაცემი მითითების, შემოწმების აქტის მომზადება; (27.12.2019 N 1-1/623 ამოქმედდეს 2020 წლის პირველი იანვრიდან)
ი) შემოწმების აქტის საფუძველზე, თუ აქტში დაფიქსირებულია დარღვევა, სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოების ორგანიზება, დადგენილების პროექტის მომზადება შესაბამისი სანქციის გამოყენების თაობაზე და აღნიშნული მასალების სააგენტოს უფროსისთვის წარდგენა; (27.12.2019 N 1-1/623 ამოქმედდეს 2020 წლის პირველი იანვრიდან)
კ) აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების აღმასრულებელი ხელისუფლების უფლებამოსილი დაწესებულების სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოების და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების სამშენებლო საქმიანობაზე ზედამხედველობის უფლებამოსილი ორგანოების მეთოდური ხელმძღვანელობა მის ზედამხედველობას დაქვემდებარებულ სამშენებლო ობიექტების ფარგლებში; (27.12.2019 N 1-1/623 ამოქმედდეს 2020 წლის პირველი იანვრიდან)
ლ) სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოების საქმიანობის შესახებ ინფორმაციის შეგროვება და დამუშავება მის ზედამხედველობას დაქვემდებარებულ სამშენებლო ობიექტების ფარგლებში; (27.12.2019 N 1-1/623 ამოქმედდეს 2020 წლის პირველი იანვრიდან)
მ) დაუბრკოლებლად შევიდეს მის ზედამხედველობას დაქვემდებარებულ სამშენებლო ობიექტზე; (27.12.2019 N 1-1/623 ამოქმედდეს 2020 წლის პირველი იანვრიდან)
ნ) შეაჩეროს მშენებლობის წარმოება მის ზედამხედველობას დაქვემდებარებულ სამშენებლო ობიექტზე პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსით განსაზღვრულ შემთხვევებში; (27.12.2019 N 1-1/623 ამოქმედდეს 2020 წლის პირველი იანვრიდან)
ო) მის ზედამხედველობას დაქვემდებარებულ სამშენებლო ობიექტზე დასაბუთებული ეჭვის შემთხვევაში მოსთხოვოს მშენებლობის დამკვეთს ან მშენებელ ორგანაზაციას განახორციელოს დამატებითი ლაბორატორიული გამოცდები და გაზომვები. თუ დარღვევა დადასტურდა, ლაბორატორიული გამოკვლევების ხარჯებს გაიღებს დამრღვევი, წინააღმდეგ შემთხვევაში – სააგენტო მისთვის წლიური საბიუჯეტო კანონით დამტკიცებული ასიგნებებიდან; (27.12.2019 N 1-1/623 ამოქმედდეს 2020 წლის პირველი იანვრიდან)
პ) მოამზადოს დადგენილების პროექტი მის ზედამხედველობას დაქვემდებარებულ სამშენებლო ობიექტზე საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით აშენებული შენობა-ნაგებობების სრული ან ნაწილობრივი დემონტაჟისა და მშენებარე შენობა-ნაგებობების მშენებლობის სრული ან ნაწილობრივი შეჩერების ან/და დემონტაჟის შესახებ; (27.12.2019 N 1-1/623 ამოქმედდეს 2020 წლის პირველი იანვრიდან)
ჟ) მის ზედამხედველობას დაქვემდებარებული მშენებლობადამთავრებული ობიექტების ექსპლუატაციაში მიღების ადმინისტრაციული წარმოების ორგანიზება და შესაბამისი ადმინისტრაციულ - სამართლებრივი  აქტის პროექტის მომზადება; (27.12.2019 N 1-1/623 ამოქმედდეს 2020 წლის პირველი იანვრიდან)
რ) კომპეტენციის ფარგლებში, შესაბამისი მინდობილობის (რწმუნებულების) საფუძველზე სააგენტოს წარმომადგენლობა სამინისტროსა და ყველა ინსტანციის სასამართლოში; (27.12.2019 N 1-1/623 ამოქმედდეს 2020 წლის პირველი იანვრიდან)
ს) მოქალაქეთა და იურიდიულ პირთა საჩივრების, განცხადებების განხილვაში მონაწილეობის მიღება მის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე; (27.12.2019 N 1-1/623 ამოქმედდეს 2020 წლის პირველი იანვრიდან)
ტ) კანონმდებლობით დადგენილ ვადაში სააგენტოს დადგენილების აღსასრულებლად მიქცევა „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად; (27.12.2019 N 1-1/623 ამოქმედდეს 2020 წლის პირველი იანვრიდან)
უ) დაჯარიმების შესახებ სააგენტოს დადგენილებით დაკისრებული ჯარიმის გადახდის კონტროლი; (27.12.2019 N 1-1/623 ამოქმედდეს 2020 წლის პირველი იანვრიდან)
ფ) დაჯარიმების შესახებ სააგენტოს დადგენილებით ჯარიმის დაკისრების სამართლებრივი საფუძვლების კანონმდებლობით დადგენილ ვადაში აღმოფხვრის  კონტროლი; (27.12.2019 N 1-1/623 ამოქმედდეს 2020 წლის პირველი იანვრიდან)
ქ) სამმართველოს ყოველკვარტალური სამოქმედო გეგმების პროექტების შემუშავება და სააგენტოს უფროსისათვის დასამტკიცებლად წარდგენა; (27.12.2019 N 1-1/623 ამოქმედდეს 2020 წლის პირველი იანვრიდან)
ღ) სააგენტოს ყოველწლიური სამოქმედო გეგმების პროექტების შემუშავებაში მონაწილეობის მიღება; (27.12.2019 N 1-1/623 ამოქმედდეს 2020 წლის პირველი იანვრიდან)
ყ) სამმართველოს ყოველკვარტალური სამოქმედო გეგმების შესრულების ანგარიშის მომზადება და სააგენტოს უფროსისათვის წარდგენა;(27.12.2019 N 1-1/623 ამოქმედდეს 2020 წლის პირველი იანვრიდან)
შ) ყოველწლიური ანგარიშის მომზადება და ადმინისტრირებისა და ინფორმაციული უზრუნველყოფის სამმართველოსათვის მიწოდება; (27.12.2019 N 1-1/623 ამოქმედდეს 2020 წლის პირველი იანვრიდან)
ჩ) კანონმდებლობის საფუძველზე მინიჭებული სხვა უფლება-მოვალეობების განხორციელება. (27.12.2019 N 1-1/623 ამოქმედდეს 2020 წლის პირველი იანვრიდან)
7. ამოღებულია (27.12.2019 N 1-1/623 ამოქმედდეს 2020 წლის პირველი იანვრიდან)
8. ამოღებულია (27.12.2019 N 1-1/623 ამოქმედდეს 2020 წლის პირველი იანვრიდან)
9. ამოღებულია (29.12.2017 N 1-1/584 ამოქმედდეს 2017 წლის 29 დეკემბრიდან)  


მუხლი 6. სააგენტოს სახელმწიფო კონტროლი     

(27.12.2019 N 1-1/623 ამოქმედდეს 2020 წლის პირველი იანვრიდან)
1. სააგენტოს მიერ განხორციელებული საქმიანობის კანონიერების, მიზანშეწონილობის, ეფექტიანობის და საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს სამინისტრო.
2. სამინისტრო უფლებამოსილია შეაჩეროს ან გააუქმოს სააგენტოს არამართლზომიერი გადაწყვეტილება.
3. სააგენტო ვალდებულია  შესაბამისი მოთხოვნის საფუძველზე სამინისტროს მიაწოდოს  სათანადო ინფორმაცია.  


მუხლი 6.1. სააგენტოს საქმიანობა, რომელიც საჭიროებს თანხმობას

(27.12.2019 N 1-1/623 ამოქმედდეს 2020 წლის პირველი იანვრიდან)
სააგენტოს საქმიანობა, რომელიც საჭიროებს თანხმობას, განისაზღვრება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით.


მუხლი 7. სააგენტოს დაფინანსება და ქონება

1. დასახული მიზნებისა და დაკისრებული ფუნქციების განსახორციელებლად „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად სააგენტოს სამინისტროს მიერ კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაეცემა შესაბამისი სახელმწიფო ქონება.
2. სააგენტოს ქონებას შეადგენს ძირითადი საბრუნავი საშუალებები, აგრეთვე სხვა მატერიალური ფასეულობა და ფინანსური რესურსები.
3. სააგენტოს დაფინანსების წყაროებია:
ა) საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი სახსრები;
ბ) მიზნობრივი გრანტები;
გ) ხელშეკრულების საფუძველზე შესრულებული (შესასრულებელი) სამუშაოდან მიღებული შემოსავალი;
დ) სააგენტოს მომსახურების საფასური;
ე) საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლები.
4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული სახსრები და შემოსავლები სრულად ხმარდება სააგენტოს მიზნების განხორციელებას და ფუნქციების შესრულებას.
5. ამ მუხლის მე-3 პუნქტის „დ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურების სახეები და საფასური განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.  


მუხლი 8. სააგენტოს საბუღალტრო ანგარიშგება

1. სააგენტო ვალდებულია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აწარმოოს საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის აღრიცხვა-ანგარიშგება, შეადგინოს ბალანსი და დასამტკიცებლად წარუდგინოს სამინისტროს.
2. სააგენტოს წლიურ ბალანსს ამოწმებს სამინისტროს მიერ დანიშნული დამოუკიდებელი აუდიტორი.        
       

მუხლი 9. სააგენტოს რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია  

სააგენტოს ლიკვიდაცია და რეორგანიზაცია ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.  


მუხლი 10. სააგენტოს დებულებაში ცვლილების შეტანის წესი

(27.12.2019 N 1-1/623 ამოქმედდეს 2020 წლის პირველი იანვრიდან)
სააგენტოს დებულებაში ცვლილების შეტანა ხორციელდება კანონმდებლობით დადგენილი წესით.

გამოიწერეთ სააგენტოს ახალი ამბები

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტო


.    .    .    .    .    .    .    .   .    .    .    .    .  

მისამართი
: ანა პოლიტკოვსკაიას ქ. N8
                (ყოფ. ჯიქია),   IV სართული
                თბილისი 0186, საქართველო

ტელეფონი:   234-77-13


ელ.ფოსტა:   tacsa@moesd.gov.ge












tacsa@economy.ge