სააგენტოს GIS სპეციალისტმა მარიამ ნარსიამ GIS მეოცე საერთაშორისო კონფერენციაზე სააგენტოს გეოინფორმაციული სისტემების შესახებ პრეზენტაცია წარადგინა. გეოინფორმაციულ სისტემებს სააგენტო საქმიანობაში აქტიურად იყენებს - მშენებლობის ნებართვის გაცემის, სამშენებლო ზედამხედველობისა და ექსპლუატაციაში მიღების პროცესში, ასევე, სამრეწველო დანიშნულების ფეთქებადი მასალების გამოყენების ნებართვის გაცემის დროს. შედეგად, მთელი საქართველოს მასშტაბით, განსაკუთრებული მნიშვნელობის სამშენებლო ობიექტების შესახებ სააგენტოში მოცულობითი გეოინფორმაციული მონაცემთა ბაზა ფუნქციონირებს.
ორგანიზაციებმა წარადგინეს, როგორ გამოიყენება გეოინფორმაციული სისტემები სხვადასხვა სფეროში, მათ შორის: სოფლის მეურნეობა, განათლება, კულტურული მემკვიდრეობა, გარემოს დაცვა, უძრავი ქონება, გეოდეზია და სხვა. კონფერენციაზე თავიანთი საქმიანობის, მიღწევებისა და ტექნოლოგიური სიახლეების შესახებ ისაუბრეს როგორც კერძო სექტორის, ასევე, საჯარო უწყებების, მათ შორის, სამინისტროებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა.