ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს უფროსი დავით გიგინეიშვილი
03-07-2019
18 ივნისიდან ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს დავით გიგინეიშვილი ჩაუდგება სათავეში. ახალი ხელმძღვანელი სააგენტოს თანამშრომლებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ წარუდგინა. დავით გიგინეიშვილი მანამდე სამინისტროს ცენტრალურ აპარატში მუშაობდა და სამშენებლო პოლიტიკის მიმართულებას კურირებდა.
„ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტო უმნიშვნელოვანესი საჯარო უწყებაა. მის გამართულ მუშაობაზე დამოკიდებულია მთელი რიგი რეფორმების სრულფასოვანი განხორციელება, რომელთაც ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ფარგლებში ვატარებთ. სააგენტო დაკომპლექტებულია პროფესიონალთა გუნდით. დარწმუნებული ვარ, რომ ახალგაზრდა პროფესიონალ მენეჯერთან ერთად ისინი წარმატებით დაძლევენ ახალ გამოწვევებს და ჩვენი დახმარებით, სააგენტოს თანამედროვე დასავლური ტიპის მარეგულირებელ უწყებად გარდაქმნიან, სადაც გადაწყვეტილებები გამჭვირვალედ მიიღება, ხოლო მისი განხორციელება გაცილებით ეფექტური იქნება,“ - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.
სააგენტოში ნათია თურნავა გაეცნო პრეზენტაციას ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს საქმიანობისა და სამომავლო გეგმების შესახებ.