Loading...

ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტო
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო

ელექტრონული ნებართვები

გერმანელი და ქართველი ექსპერტები ტყიბულის შახტში ვითარებას შეისწავლიან

09-11-2018

გერმანული კომპანიის „DMT ჯგუფის“ ექსპერტებმა ტყიბულის შახტში არსებული ვითარების შესწავლა დაიწყეს. კომპანია სამმხრივი კომისიის მიერ იქნა შერჩეული - მას მუშაობის 140 წლიანი გამოცდილება აქვს და მსოფლიოს მასშტაბით მოქმედი ორგანიზაციის TUV NORD-ის წევრია. პროცესს კოორდინაციას უწევს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტო და დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტი. ტყიბულში სამი გერმანელი ექსპერტი მუშაობს, ისინი უშუალოდ ჩავლენ შახტში, ასევე, ადგილზე გაეცნობიან სათანადო დოკუმენტაციას, რომელსაც შესასწავლად გერმანიაში წაიღებენ. ექსპერტთა მიერ საბოლოო დასკვნის მისაღებად 5 კვირაა განსაზღვრული, ამ პერიოდის განმავლობაში წარმოდგენილი იქნება შუალედური ანგარიშებიც.

პროცესის მიზანია, შესწავლილ იქნას შახტის შემდგომი ფუნქციონირების გაგრძელების შესაძლებლობა, რომელიც დაეფუძნება შახტის ტექნიკურ მდგომარეობას და ადამიანთა შრომის პირობების უსაფრთხოებას. გარდა ამისა, გერმანულმა კომპანიამ უნდა გასცეს რეკომენდაციები შახტის ფუნქციონირების გაუმჯობესების კუთხით, რომელიც უკავშირდება თანამედროვე მოწყობილობა-დანადგარებისა და საბადოს დამუშავებისას ახალი ტექნოლოგიების გამოყენებას, ასევე სამუშაო პროცესის სწორად ორგანიზებას და მენეჯმენტის განხორციელებას.

გერმანული კომპანიის ხელშეწყობის მიზნით და მათ მიერ წარმოდგენილი დასკვნის ანალიზისა და შეფასებისთვის, ამ პროცესში ჩართულნი არიან დარგის ქართველი დამოუკიდებელი ექსპერტები, ასევე, ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს მიერ სამთო ინსტიტუტიდან და ილიას უნივერსიტეტიდან მოწვეული ექსპერტები.


გამოიწერეთ სააგენტოს ახალი ამბები

ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტო - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო

ანა პოლიტკოვსკაიას ქუჩა N8 (ყოფილი ჯიქიას ქ.), IV სართული თბილისი 0186, საქართველო

ტელეფონები (იხილეთ სამმართველოები): სააგენტოს სამმართველოები

tacsa@economy.ge